შინაარსზე გადასვლა

ალექსანდრ ზალცმანი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ალექსანდრ ზალცმანი
სრული სახელი ალექსანდრ გუსტავ ფონ ზალცმანი
დაიბადა 25 იანვარი, 1874
დაბადების ადგილი თბილისი, რუსეთის იმპერია
გარდაიცვალა 3 მარტი, 1934 (60 წლის)
გარდაცვალების ადგილი ლეიზენი, შვეიცარია
ეროვნება გერმანიის დროშა გერმანელი
სფერო ფერწერა, , სცენოგრაფია, კარიკატურა
მასზე გავლენა მოახდინა გიორგი გურჯიევი

ალექსანდრ გუსტავ ფონ ზალცმანი (გერმ. Alexander Gustav von Salzmann; დ. 25 იანვარი, 1874, თბილისი — გ. 3 მარტი, 1934, ლეიზენი, შვეიცარია) — გერმანელი მხატვარი, ფერმწერი, სცენოგრაფი, კარიკატურისტი.[1]

XIX საუკუნის დასაწყისში საქართველოში გადმოსახლებულ გერმანელთა პირველი ტალღის ერთ-ერთი წარმომადგენლის, თეოდორ ზალცმანის ოჯახიდანაა. არქიტექტორ ალბერტ ზალცმანის შვილი; ცნობილი მხატვრის, ოსკარ შმერლინგის მამიდაშვილი. 1898 წლიდან სწავლობდა ჯერ მოსკოვში, ლეო პასტერნაკის კერძო სამხატვრო სტუდიაში, შემდეგ კი დაამთავრა მიუნხენის სამხატვრო აკადემია. 1901 წლიდან მონაწილეობდა მიუნხენში თავისი თანაკურსელის, ვასილი კანდინსკის ჯგუფის „PhalanX“ დაფუძნებაში; ასწავლის ამ ჯგუფთან დაარსებულ სკოლაშიც. მეგობრობდა რილკესთან. 1910 წლიდან ჟაკ-დალკროზის ინსტიტუტშია. ქმნის განათების ნოვატორულ სისტემას, რომელიც 1916-1917 წლებში გამოიყენა მოსკოვში ალექსანდრ ტაიროვის გახმაურებულ სპექტაკლში „ფამირა-კიფარედ“, რომელიც მან ინოკენტი ანენსკის ამავე სახელწოდების ლექსად დაწერილი პიესის მიხედვით დადგა და რომელიც, ფაქტობრივად, ტაიროვის თეატრის მანიფესტად იქცა. 1916-1917 წლებში სამშობლოში ბრუნდება და 1920 წლამდე თავის მეუღლესთან, ჟანა ალემანთან ერთად თბილისში ცხოვრობს. 1918 წელს იწყებს მუშაობას თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელად.

1918-1919 წლებში აფორმებს პეტრე ჩაიკოვსკის ოპერას „პიკის ქალი“, ჟაკ ოფენბახის ოპერას „ჰოფმანის ზღაპრები“, ედვარდ ნაპრავნიკის ოპერას „დუბროვსკი“, დიმიტრი არაყიშვილის ოპერას „თქმულება შოთა რუსთაველზე“, ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერს“. 1918 მონაწილეობს კაზმულ ხელოვნებათა წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების გამოფენაში, 1918-1919 წლებში „მცირე წრის“ გამოფენაში. 1918 წელს „მცირე წრის“ გამოფენაზე წარმოადგენს ჟურნალ „Jugend“- ში დასტამბული ნახატების ორიგინალებს, ასევე, მითოლოგიურ თემაზე შესრულებულ სურათებს სახელწოდებით: „ფლორა“, „დიანა“, „ორფეოსი“. მუშაობს ქართული დრამის თეატრშიც, რომელსაც კოტე მარჯანიშვილი ხელმძღვანელობდა. ასწავლის ფერწერის სკოლასა ზ ზალიპსკი ბორის 170 და თეატრშიც; მჭიდრო ურთიერთობა აქვს თბილისის მოდერნისტულ და ავანგარდულ სახელოვნებო წრეებთან. ზიგა ვალიშევსკისთან ერთად ქმნის ოპერისათვის ფარდას. წერს კრიტიკულ წერილებს სასცენო ხელოვნებაზე. მაგალითისთვის: შენიშვნები სცენის შესახებ, ჟურნალი „თეატრი და მუსიკა“, №1, 1919, ქუთაისი. ამავე ნომერში დაბეჭდილია მისი კარიკატურა - „თბილისის სახელმწიფო თეატრი. მხატვარი ა. ზალცმანი, კომისარი ა. წუწუნავა, ანტრეპრენიორი ს. ევლახიშვილი ქართული ოპერების დადგმის დროს“. 1919 წელს თბილისში გიორგი გურჯიევთან ერთად აარსებს „ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტს“.

ზალცმანის საფლავი ჟენევაში

1920-იანი წლების დასაწყისში გ. გურჯიევთან ერთად კონსტანტინოპოლში მიემგზავრება, რის შემდეგაც საფრანგეთში სახლდება, მთლიანად უკავშირებს რა თავის შემოქმედებას გ. გ.-ის და მის „ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტს“, ქმნის მისი ბალეტისათვის აფიშებს, კოსტიუმების ესკიზებს, აფორმებს მის „საღმრთო მოძრაობების“ წარმოდგენებს პარიზსა და ნიუ-იორკში, მანამ, სანამ 1930 წელს ისინი სამუდამოდ არ დაცილდებიან ერთმანეთს. საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ალექსანდრ ზალცმანი სამშობლოში ვეღარასოდეს ბრუნდება. უდიდესი დამსახურება მიუძღვის როგორც ვანგარდული სცენოგრაფიის ჩამოყალიბებაში, ისე ხელოვნებათა სინთეზის ავანგარდული კონცეფციის შექმნაში, რომელშიც განსაკუთრებული როლი რიტმსა და განათებას ენიჭება. მისივე შექმნილია განათების მეთოდი, ე. წ. „სინათლე სინათლეზეც“ და რისთვისაც პროჟექტორს, მისი თქმით, როგორც მზის სხივს, ისე იყენებდა. ეს სისტემა სცენის განათების ხელოვნებაში სრულიად ნოვატორული იყო. მან შექმნა სინათლის, განათების ფილოსოფია, რომელიც სცილდებოდა სცენოგრაფიის საზღვრებს. ეძებდა კავშირებს სინათლეს, ფერსა და ბგერას შორის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ჭოღოშვილი, ნინო. გერმანული მხატვრული ტრადიცია და საქართველო XIX საუკუნის დასაწყისიდან XX საუკუნის 40-იან წლებამდე. - შესავალი; თავი I. ქვეთავი I; გერმანელები საქართველოში; თავი I. ქვეთავი II; საქართველოში მოღვაწე გერმანელი მხატვრები XIX საუკუნის დასაწყისიდან 80-იან წლებამდე; თავი II. ქვეთავი I; გერმანელი მხატვრები საქართველოში XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან XX საუკუნის 40-იან წლებამდე; თავი II. ქვეთავი II; გიგო გაბაშვილისა და დიმიტრი შევარდნაძის მიუნხენის პერიოდის მხატვრობა; დასკვნა; გამოყენებული ლიტერატურა. / ნ.ჭოღოშვილი: დის...ხელოვნებათმც. კანდ. 17.00.09 / სამეცნ. ხელმძღვ. ს. ლეჟავა ; საქ. მეცნ. აკად. ქართ. ხელოვნების ისტ. ინ-ტი - თბ., 2006 - 162 გვ. - - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ. და გვ. 139-146. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლოთეკა. წაკითხვის თარიღი: 1 ივნისი, 2019.